Skip to main content

ესე - „ჩვენი ენა ქართული“

                           
                                                                              „ გულს მისვენია ხატადა,
                                                                                ენა მთისა და ბარისა.“
                                                                                                     ვაჟა-ფშაველა

            ჩემთვის ქართული დედაენაა, დედაბოძია, დედასვეტია, დედაბუნებაა, დედასამშობლოა, დედაკაცია... ყველა ის თბილი სიტყვაა, რომლითაც დედის ნანა მახსენდება.
           იაკობის „დედაენის“,  „ვეფხისტყაოსნის“, ილიას, აკაკის, ვაჟას შესწავლის შემდეგ უკვე ზრდასრულმა გავაცნობიერე, რომ იგი ყველა ქართველის დედაენაცაა, ეროვნულია, სამწერლობოა, კულტურულია.
           როგორ მოვიდა? რა გზა გაიარა? როგორია დღეს? - ეს კითხვები ყველა ქართველს უნდა აწუხებდეს.
          გთხოვთ, ჩემთან ერთად იმოგზაუროთ დედაენის სამყაროში!

         ქართული ენა საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციური ენაა. იგი სახელმწიფო ენაა. ამავე დროს ეროვნულია და ყველა ქართველის დედაენაა. ქართული ენა გარკვეულ წესებსა და ნორმებს ემორჩილება. ე.ი. იგი ნორმინირებული ენაა. ქართული ერთ-ერთი უძველესი,  კულტურული, სამწერლობო ენაა.
         საქართველომ არაერთი ძნელბედობის ჟამი გამოიარა, რის გამოც უამრავი წერილობითი ძეგლი განადგურდა. ამიტომაც სალიტერატურო ენის დასაბამად IV-V საუკუნეებს ითვლიან.
         ქართულმა ენამ ჩვენამდე რომ მოეღწია, განვითარების საფეხურები განვლო. მეცნიერთა ნაწილი სამ პერიოდს გამოყოფს: ძველ ქართულს ( V-XI სს), საშუალს ( XII-XVIII სს) და ახალ ქართულს (XIX-XX სს).
        ძველი ქართული ენა ხასიათდებოდა თავისებურებებით ფონეტიკაში, მორფოლოგიაში, განსაკუთრებით ლექსიკაში, რადგან ამ პერიოდის ენაში ჭარბად ვხვდებით სასულიერო ყოფა-ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველ ლექსიკას.
XII  საუკუნიდან სალიტერატურო ენის განვითარებაში იწყება საშუალი საფეხური. ამ დროისათვის საერო მწერლობა გაბატონდა. „ვეფხისტყაოსანმა“ დიდი როლი შეასრულა სალიტერატურო ენის განვითარების საქმეში. მას გვერდით ედგნენ „ამირანდარეჯანიანი“, ნათარგმნი „ვისრამიანი“, „თამარიანი“, აბდულმესიანი“.
მე-16 საუკუნიდან იწყება „აღორძინების ხანა“. ამ დროს დაწინაურდა საერო პოეზია და დაკნინდა სასულიერო.
          მე-18 საუკუნის მე-2 ნახევარში ქართული გამდიდრდა პოეზიის ნიმუშებით. სულხან-საბა ორბელიანმა და დავით გურამიშვილმა საბოლოოდ დაამთავრა ახალი ქართულისთვის  მოსამზადებელი პერიოდი. ამ პერიოდში ქართულ ენას ახასიათებდა როგორც ძველი, ასევე - ახალი ფორმები.
         ამ გზით მიემართებოდა ქართული ენის განვითარების ბუნებრივი ხაზი, იგი რომ არ შეფერხებულიყო XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან. ამჯერად ქართულ სალიტერატურო ენას წინ გადაეღობა და ერთი საუკუნით შეაფერხა მისი ბუნებრივი განვითარება ანტონ I კათალიკოსისა და მისი სკოლის თეორიამ , ქართულ მწერლობაში სამგვარი ენის შემოღებამ.
         სამი სტილის თეორიით ენა იყო სამგვარი: მაღალი, საშუალი და დაბალი. ანტონის სკოლის თეორიით ყველა საგანზე მსჯელობა ერთი და იგივე ენით  დაუშვებელი იყო. ღვთისმეტყველებაზე მაღალი სტილი გამოიყენებოდა, საშუალი სტილი - ისტორიული ამბებისთვის , დაბალი სტილით კი ყოველდღიური ამბები, საყოფაცხოვრებო მოვლენები  უნდა გადმოცემულიყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ასეთი მეტყველება დაშორდებოდა ჩვეულებრივ სასაუბრო ენას და იგი ძველი ქართულის მსგავსი შეიქმნებოდა.
      ამგვარად, ანტონ I და მისი სკოლა უარყოფდა ერთიან სალიტერატურო ენას. 
      სამი სტილის გავლენის ქვეშ მოექცნენ მწერლები, რომანტიკოსები. ეს საკითხი გახდა „მამათა და შვილთა“ ბრძოლის ერთ-ერთ მიზეზი. 
        პირველი ადამიანი გახლდათ ილია ჭავჭავაძე, 23 წლის ახალგაზრდა, რომელმაც სამკვიდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა ანტონის სკოლას. ილიამ საბაბად „რევაზ ერისთავის მიერ კოზლოვის „შეშლილის“ თარგმანი“ გამოიყენა. მან სწორად გადაწყვიტა ქართული სალიტერატურო ენის არაერთი საკითხი. ილიამ  გამოიტანა ხმარებიდან რამდენიმე ასო. ეს იყო პირველი თამამი გამოსვლა ანტონ I-ის ორთოგრაფიის წინააღმდეგ. ილიამ დაგმო ყოველგვარი სტილი და გამოიყენა ხალხური ენა. მის ამ გამოსვლას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. დიდი მწერალს ენის დამახინჯებაში დასდეს ბრალი, მაგრამ მან არც ერთი მათგანი არ დატოვა პასუხგაუცემელი. იგი წერდა: „ენა საღმთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს. ენას კანონს თვითვე ენა აძლევს და არა რაიმე ანბანთეორიაო... თუ მთქმელსა და გამგონს ერთმანეთის ენა არ ესმით, იქ არც თქმა და არც გაგონებააო.“ ილიამ ამ ბრძოლაში გაიმარჯვა. ახალი ქართული თავისუფლებაში აღდგა.  ამ მნიშვნელოვან საქმეში ილია მარტო არ იყო. მის გვერდით იბრძოდნენ აკაკი, იაკობი, ყაზბეგი, ვაჟა და ქართული ლიტერატურის სხვა წარმომადგენლები.
          XIX საუკუნის 60-70-იანი წლებიდან ქართული სალიტერატურო ენა ისევ ძლიერდება, თუმცა მის განვითარებას ხელი კვლავ შეუშალა მეფის რუსეთის ბატონობამ. ამ პერიოდიდან ქართული ენა განიცდიდა სასტიკ დევნასა და შევიჭროებას. სკოლებში ქართული ენის ხმარებაც კი აკრძალული იყო. „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენას“ ისევ დაემუქრა საფრთხე.  1978 წელს ქართულ ენას საბჭოთა ხელისუფლებამ სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა დაუპირა, რომელსაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირზე 15000-მდე ადამიანი დაიძრა. ესენი იყვნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში კომუნისტურმა რეჯიმმა უკან დაიხია. ამ დღიდან 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
      დღეს კაცს ქართველობა ტანისამოსზედ არ ეტყობა, რა თქმა უნდა. დღეს,  ჩემი აზრით, ქართველობა ქართული ენით განისაზღვრება. თუ ქართული არ იცი, არც ქართველი არ ხარ, ამიტომ ჩემს სათქმელსაც დიდი ენათმეცნიერის, არნოლდ ჩიქობავას, სიტყვებით დავასრულებ: „ ყველა ქართველის ვალია მდიდარი ღირებულების მქონე ენას პატივი სცეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, არ მოაკლოს და არ დაივიწყოს ის ძველი ჭეშმარიტება, რომ ენა არის ხალხის ზნეობის ძირითადი ნიშანი. ყოველ ადამიანს უყვარდეს თავისი დედაენა და პატივისცემით ეკიდებოდეს სხვა ხალხის დედაენას.“   

                                                                      თამთა თოდრია

Comments

Popular posts from this blog

14 აპრილი ქართული ენის დღეა

        14 აპრილი დედაენის დღეა. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 14 აპრილის მოგონებიდან 41 წელი გავიდა. ეს დღე ქართველი ერისათვის არა მარტო საზეიმოა, არამედ - შემეცნებითიც. ამ დღეს ყოველმა ქართველმა უნდა დაუსვას თავის თავს შეკითხვა: რა ვიცი მე მშობლიური ენის შესახებ? როგორ ვუფრთხილდები მას?           მსოფლიოში 5650-ზე მეტ ენას ითვლიან, აქედან მხოლოდ 14 -ს აქვს დამწერლობა. მათ შორის არის ჩვენი ქართული დამწერლობა, უძველესი, მრავალჭირვარამგამოვლილი, გენიალური.           ყოველი ქართველი ვალდებულია გაუფრთხილდეს დედაენას, დაიცვას და გადასცეს მომავალ თაობას ერთიანი, მდიდარი და განვითარებული. საზოგადო მოღვაწეები ასე ახასიათებენ ქართულ ენას.          მიხეილ ჯავახიშვილი :„ ყოველი შეგნებული მოქალაქე მოვალეა, თავისი ენა კულტად გადააქციოს და მისი ცოდნა-შესწავლა უპირველეს ვალად გაიხადოს.“                     „ქართული ენა არის განვითარებული, გაშლილი, კულტურული, მდიდარი, როგორც ლექსიკონით, ისე გრამატიკული ფორმებით“, -გვმოძღვრავს იაკობ გოგებაშვილი.             ნიკო მა