Skip to main content

14 აპრილი ქართული ენის დღეა

       14 აპრილი დედაენის დღეა. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 14 აპრილის მოგონებიდან 41 წელი გავიდა. ეს დღე ქართველი ერისათვის არა მარტო საზეიმოა, არამედ - შემეცნებითიც. ამ დღეს ყოველმა ქართველმა უნდა დაუსვას თავის თავს შეკითხვა: რა ვიცი მე მშობლიური ენის შესახებ? როგორ ვუფრთხილდები მას? 
        მსოფლიოში 5650-ზე მეტ ენას ითვლიან, აქედან მხოლოდ 14 -ს აქვს დამწერლობა. მათ შორის არის ჩვენი ქართული დამწერლობა, უძველესი, მრავალჭირვარამგამოვლილი, გენიალური. 
        ყოველი ქართველი ვალდებულია გაუფრთხილდეს დედაენას, დაიცვას და გადასცეს მომავალ თაობას ერთიანი, მდიდარი და განვითარებული. საზოგადო მოღვაწეები ასე ახასიათებენ ქართულ ენას.
         მიხეილ ჯავახიშვილი :„ ყოველი შეგნებული მოქალაქე მოვალეა, თავისი ენა კულტად გადააქციოს და მისი ცოდნა-შესწავლა უპირველეს ვალად გაიხადოს.“                     „ქართული ენა არის განვითარებული, გაშლილი, კულტურული, მდიდარი, როგორც ლექსიკონით, ისე გრამატიკული ფორმებით“, -გვმოძღვრავს იაკობ გოგებაშვილი.
           ნიკო მარი : „ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რა გინდა, რა ენით...ქართული ენა თავისი შინაგანი თვისებებით ისეთია, რომ თამამად შეიძლება გვერდში ამოუდგეს მსოფლიოში დიდად გავრცელებულ ენებს.“
       მარი ბროსე: „ქართული ენა საოცარი ენაა, იგი არც ერთ ევროპულ ენას არ ჩამოუვარდება.“
       რენე ლაფონი: „ ქართული მშვენიერი ენაა, მოქნილი და ზუსტი, ორიგინალური აგებულების.“
       გერონტი ქიქოძე: „ქართული ენა უძველესი უმდიდრესი ენაა. მან წარსულში სტიქიური ძალების შემოტევასა და ქარტეხილებს გაუძლო. მას ძალიან მაგარი ჩონჩხი აქვს. მისი შემწეობით ენერგიულად და ლაკონიურად შეიძლება აზრის გადმოცემა.“
      
    ილია ჭავჭავაძე:  „ჩვენს ენას ისეთი განსაკუთრებული თვისება აქვს, რომელსაც ბევრი სხვა, უფრო წარმატებულად მიჩნეული ენები შეჰნატრიან“.
     კონსტანტინე გამსახურდია:„ მშობლიური ენის სიწმინდისათვის დაცვა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორც ხმლით დაცვა საკუთარი სამშობლოსი.“

იაკობ გოგებაშვილის „დედაენამ“ გადაარჩინა ქართველი ერი, ისევე  როგორც საუკუნეების წინ - „ვეფხისტყაოსანმა“. „დედაენას“ „ვეფხისტყაოსნის“ ბადალს უწოდებდნენ.
14 აპრილი -ესაა გამოფხიზლება, გამოცოცხლება, განახლება, გაძლიერება და განმტკიცება ჩვენი დედაენის. იგი აერთიანებს დღეს ჩვენს გაფანტულ ქართველობას.
ქართველნო, ერთად დედაენისთვის!

მარიამ ხელაძე

Comments